Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, 2016

22 აპრ 2016

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების (14-29 წლები) საჭიროებების შესწავლა.

აღნიშნული მიზნის რეალიზაციისათვის გამოყენებული იყო სოციოლოგიური კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები, კერძოდ, პირისპირი ინტერვიუს მეთოდი და ფოკუს ჯგუფები (ჯგუფური დისკუსიები).

თვისებრივი კვლევა

კვლევის პირველ ეტაპზე განხორციელდა თვისებრივი კვლევა, საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირების, კვლევის ინსტრუმენტებისა და ინდიკატორების გამოსავლენად. პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან (4-29 წლის) სულ ჩატარდა 3 ჯგუფური დისკუსია, რის საფუძველზეც შედგა რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტი (კითხვარი).

რაოდენობრივი კვლევა

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 405 რესპონდენტი პანკისის ხეობაში პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით. 14-17 წლის ახალგაზრდების გამოკითხვისათვის „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ გამოიყენა მშობელთა ინფორმირებული თანხმობის ფორმები.

მოხდა კითხვარის საბოლოო ვერსიის ფორმატირება ექსელის ფორმატში და ODK აგრეგატის გამოყენებით გავრცელდა ქსელში.  მონაცემთა შეგროვება განხორციელდა "ODK collect" -ის საშუალებით.

მონაცემთა  მოწესრიგება და  ანალიზი

საველე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში სტატისტიკოსმა  შექმნა  მონაცემთა ბადე, მონაცემთა ანალიზის  პროგრამის - SPSS - ის გამოყენებით. საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ სტატისტიკოსმა განახორციელა მოპოვებული მონაცემების მომზადება შემდეგი ანალიზისთვის, რაც მოიცავდა კითხვარში არსებული თითოეული ღია შეკითხვის ფორმალიზაციას (კოდირებას) და  შემდეგ მათ „გაწმენდას“.  ამის შემდეგ, დამუშავებული მონაცემები შეიყვანა SPSS-ის ბაზაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა კვლევის შედეგად მოპოვებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და გაანალიზება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.