Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ფონდი - ''ღია საზოგადოება - საქართველო''

ეთნიკური უმცირესობის ექსკლუზია (გარიყვა) საქართველოში, 2021

16 აპრ 2023

კვლევის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური ექსკლუზიის (გარიყვის) თავისებურებების შესწავლა

მიზნის მისაღწევად, კვლევა ორიენტირებული იყო შეესრულებინა შემდეგი ამოცანები:

  • სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების, სტატისტიკური, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების ანალიზი;
  • ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის წარმოჩენა;
  • ეთნიკური უმცირესობების სოციალური გარიყულობისა და მოწყვლადობის გამომწვევი ინსტიტუციური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მიზეზების შესწავლა.

ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნა როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა პროექტის განხორციელება 2021 წლის ივლისის თვეში დაიწყო. პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე, ეთნიკური უმცირესობების სოციალური ექსკლუზიის შესახებ, მომზადდა სამაგიდე კვლევის ანგარიში. კერძოდ,  გაანალიზდა ექსკლუზიის თემის ირგვლივ არსებული კვლევები, ანგარიშები, რეგულაციები, ოფიციალური დოკუმენტები და ა.შ.

2021 წლის აგვისტოს თვეში ჩატარდა 6 ფოკუს ჯგუფი 4 სამიზნე რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. ფოკუს ჯგუფებისთვის შემუშავდა ინსტრუმენტები (გაიდლაინები). პირველ ეტაპზე ფოკუს ჯგუფების ამოცანა იყო ექსკლუზიის ძირითადი ინდიკატორების განსაზღვრა, რომლებიც გათვალისწინებული იქნა კვლევის ინსტრუმენტის (კითხვარის) დიზაინის შემუშავებისას.

აგვისტოს თვეში 6 ფოკუს ჯგუფი დისტანციურად, ზუმის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა. ფოკუს ჯგუფების მონაწილეთათვის შემუშავდა რეკრუტირების ფურცელი, რომლითაც განისაზღვრა ფოკუს ჯგუფში მოხვედრის წინაპირობები. რესპონდენტებს წინასწარ ეცნობათ კვლევის მიზნისა და მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის შესახებ.

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ეთნიკური უმცირესობების 18 ან მეტი წლის წარმომადგენლებმა. შერჩევის დიზაინად განისაზღვრა მრავალსაფეხურიანი სტრატიფიცირებული (კლასტერული) შერჩევა, ხოლო ზომად - 1510 რესპონდენტი. კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია სამიზნე რეგიონების დონეზე, ასევე, გენდერული და ასაკობრივი ჭრილებისთვის. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუ 4 სამიზნე რეგიონში ჩატარდა. ეს რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, პანკისის ხეობა და კახეთის რეგიონის აზერბაიჯანული სოფლები.  ცხრილში #ა იხილეთ ინტერვიუების რაოდენობა რეგიონების მიხედვით.

კვლევაში ჩართულ 29 ინტერვიუერს, საველე სამუშაოების დაწყებამდე, ორჯერ ჩაუტარდათ ტრენინგი კითხვარის და გამოკითხვის პროცედურების შესახებ. მათ შორის მიეწოდათ ინფორმაცია კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ველზე მუშაობის წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ. ინტერვიუერებმა ჩაატარეს  10 საპილოტე გამოკითხვა, რომლის მიზანი კითხვარის ვალიდურობის შემოწმება და იმ ხარვეზების გამოვლენა იყო, რაც კითხვარის სამუშაო ვერსიას გააჩნდა. კითხვარის პილოტაჟის შემდეგ განხორციელდა კითხვარის ფორმატირება ODK პლატფორმისთვის. საველე სამუშაოები 3 ნოემბერს დაიწყო და თითქმის სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. კერძოდ, ინტერვიუერების მიერ ბოლო რესპონდენტები 22 ნოემბერს გამოიკითხა. საველე სამუშაოების პარალელურად განხორციელდა ინტერვიუერების საქმიანობის მონიტორინგი. მონიტორინგისთვის სპეციალურად შემუშავდა მოკლე კითხვარი და შერჩეულმა 4-მა მონიტორმა სატელეფონო გამოკითხვის გზით გადაამოწმა ინტერვიუერების მიერ შესრულებული სამუშაო. კერძოდ, მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა ჩატარებული ინტერვიუების 10%, რაც შეადგენს 150 ინტერვიუს.

2021 წლის დეკემბრის თვეში მონაცემები დამუშავდა SPSS კომპიუტერული პროგრამის ფარგლებში. ამ პერიოდიდან დაიწყო ანალიტიკური ანგარიშის მომზადება, რომელიც 2022 წლის აპრილისთვის დასრულდა.